X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

იმერეთის სამ ქალაქში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს

30 სექტემბერი 2025

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გიორგი კობერიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორ გიორგი შონიასთან ერთად იმერეთის რეგიონში მიმდინარე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქ. ვანში, ქ. ბაღდათსა და ქ. სამტრედიაში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მასშტაბურ მშენებლობას ახორციელებს.

ქ. ვანში იგეგმება 42 კმ-იანი წყალმომარაგებისა და 47 კმ-იანი წყალარინების ქსელების მშენებლობა, ასევე მოეწყობა 5 კმ სანიაღვრე სისტემა.

ბაღდათში აშენდება 41 კმ წყალმომარაგების, 46.5 კმ წყალარინებისა და 19 კმ სანიაღვრე ქსელი.

ქ. სამტრედიაში მიმდინარეობს 200 კმ წყალმომარაგებისა და 145 კმ წყალარინების ქსელის მოწყობა, დაგეგმილია 30 კმ სანიაღვრე სისტემის მშენებლობა.

სამივე ქალაქს დაემატება ჭაბურღილები, სატუმბი სადგურები, SCADA სისტემები და განახლდება არსებული ობიექტები.

გარდა ამისა, გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით, იგეგმება წყალარინების გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა.

ქალაქ სამტრედიაში იგეგმება წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები, რისთისაც, ამ ეტაპზე, ფინანსური წინადადებების შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

პროექტების ჯამური ღირებულება 100 მილიონი ევროა და სახელმწიფო ბიუჯეტისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KfW)  ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 2025-2026 წლებში 24-საათიან, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებითა და სრულად განახლებული წყალარინების ინფრასტრუქტურით იქნება უზრუნველყოფილი.